ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive space; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

среда, 22 апреля 2009 г.

”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! / 'HOUSE', And on the road the sergeant major Shlax and Abbe Bikila



-->



მოთხრობა სახლი ლიტერატურულ საქართველოში” ”ყმუილზე” (ძახილი) ადრე 1982 წლის დასაწყისში გამოქვეყნდამაგრამ დაბეჭდვამდე გაზეთის რედაქტორმა ბატონმა ვახტანგ ჭელიძემ თავის კაბინეტში მიხმო და მირჩია: იქნებ სხვა მოთხრობა მოიტანოო… ”არა, თუ დამიბეჭდავთ ეს მოთხრობა დამიბეჭდეთ…” _ მეთქი, ნაჩქარევად მივუგე მე… ”შენთვის არ ივარგებს… ” _ლმობიერად გამაფრთხილა. იქვე, ერთი სახელოვანი, თმაშევერცხლილი პროზაიკოსი იჯდა, იმჟამინდელი ლიტერატურული საქართველოსსარედაქციო კოლეგიის წევრი, ვიგრძენი თანაგრძნობით მიცქერდა… ”რა აზრი აქვს, სხვსაც დამიწუნებთ!..”_აზრი არ შემიცვლია, მერე მოვიბოდიშე, წამოვდექი და წამოვედი.
ეტყობა, შინაგანად ორივე მხარს მიჭერდა და ეს მოთხრობა გაზეთლიტერატურული საქართველოსშუა, მეეცხრეზე (9) გვერდზე დაიბეჭდა... (ოღონდ ”აბებე ბიკილა”, რატომღაც გაუჩინარდა), მერვეზე (8) «ცისფერყანწელთა» ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრის და შემდგომ გახმაურებული ლექსის ”25 თებერვლის” ავტორის კოლაუ ნადირაძისა და მაშინდელი მწერალთა კავშირის ერთ-ერთი მდივნის შოთა ნიშნიანიძის ლექსები იყო გამოქვეყნებული. (ლიტერატურული საქართველო, 12 თებერვალი, 1982 ).

შემდგომ ვიღაცამ იხუმრა, ჯანრის ბინის თაობაზე განცხადების დაწერა რაღად უნდა, ”სახლსწაიკითხავს და გადაწყვეტილია ეგ ამბავიოარადა, იმ ხანებში მწერალთა კავშირთან არსებულმა ბინების გამანაწილებელმა .. კომისიამ, ბინის მიღების მომლოდინეთა იმ სიიდან ამომიღო, რომელიც ჩემი თაობისწარმომადგენლთა გვარებისგან შედგებოდაბატონ შოთას, რომელსაც . ახალგაზრდა მწერალთამეურვეობაებარა, თავის კაბინეტში ჯიქურ მივადექი და უსიამოვნო საუბარი გვქონდამერე მე და ჩემი მეუღლე კიდევ დიდხანს ვიდექით მდგმურებადმოთხრობასახლიკი, იმავე 1982 წლის ბოლოს დასტამბულ ჩემს პირველ წიგნში შგიძლიათ მოიძიოთ…(”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული), გამომცემლობა ”მერანი” 1982 წ. _ "The Refugee from Dreamland." P. H. "Merani," 1982). ერთხელ, ბატონმა გიორგი ნიშნიანიძემ (ბატონი შოთას ძმამ) გამორჩეულმა მთარგმნელმა და მწიგნობარმა ჩემი რომანის (ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან. / Janri Gogeshvili, "The Herald of Dawn", Some parts from the novel.) წაკითხვის შემდეგ მითხრა: ”გაოცებული ვარ, კრიტიკას ამ რომანის ორიგინალურ სიუჟეტზე, რატომ არ დაცდება სიტყვა…”-. რა ვიცი, ასე დამებედა, წაკითხვით ინტერესით კითხულობენ, მაგრამ, თან რაღაც აღიზიანებთ მეთქი, ღიმილით მივუგე.

ახლა, ჩემმა ვაჟმა ბატონი შოთას ათზე მეტი ლექსი იცის ზეპირად, მართლაც, რომ მშვენიერი ლექსების დეკლამირებას მოხდენილად ახერხებს და სხვებთან ერთად მეც სიამოვნებით ვუსმენ…
მაშ ასე:
სახლი
წამით იგი ქალაქიდან გამოქცეული გეგონებოდათ. არადა, სახლისკენ მიიჩქაროდა. უკვე უკან მოიტოვა ახალი უბანი, რომლის შუამდე ავტობუსით გამოაღწია… და, როგორც იქნა, სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. ”ჯერ გზები უნდა გაიყვანონ ხოლმე. მხოლოდ მისასვლელს გაიკვალავენ, მიუშვებენ ხალხს და”… შედგა, ამოისუნთქა და ჩაბნელებული სივრცე დაზვერა. სადღაც, შორს ცეცხლის ალი ლიცლიცებდა, თითქოსდა უკუნეთს დარაჯობდა. გამოფიტული სიჩუმე შიშსა და ძრწოლვას ასულდგმულებდა. ”თუ ვიმარჯვე, ერთ საათში შინ ვიქნები”. მგზავრმა ოხვრამიტანებით ამოისუნთქა. სახლი, რომლისკენაც ასე თავდაუზოგავად მიილტვოდა, ერთი ქალაქელის აგარაკად ითვლებოდა, რომელიც შედარებით იაფად იქირავა და ახლა უბინაო კაცის ბინა-სადგომად ქცეულიყო.
შიმშილი გულ-ღვიძლში გაიკლაკნა. მგზავრმა ჩანთა ხელიდან ხელში შეათამაშა. ჩანთაში პური, ძეხვი და შაქარი ეგულებოდა. ”არა, შინ ავალ და…” მოზომილ ნაბიჯებს ადგამდა. გონების თვალით სახლამდე დარჩენილ მანძილს ზომავდა. ”დაღმართი… შუაწელი… აღმართი… სიმაღლე… ვაკე”. და იქვე, რამდენიმე კილომეტრის მიღმა, არსებობდა მილიონიანი ქალაქი მიმოსვლის ათასგვარი საშუალებით.
კაცმა ქალაქს გახედა. თითქოსდა ნათურებად აკინძულ სახლებს შურიანი მზერა შეავლო. ”სადმე ერთი კუნჭული… სადმე ერთი ნათურა… რა ხანია შინ ვიქნებოდი…”. იმ ნათურებიდან რამდენიმე მისი ნათესავების ბინას აშუქებდა. თავისუფლად შეეძლო რომელიმე მათგანთთან შეევლო და ახლა, უკვე დანაყრებული (რა თქმა უნდა, ”აბაზანაგავლილი”), ლოგინში იქნებოდა. მაგრამ დროგადაცილებულ სტუმრობას თავს არიდებდა. გულითადი მასპინძელიც რომ დახვედროდა, იმ მასპინძლობის ”ტყვე” იქნებოდა. იცოდა, ვიღაცას აწუხებდა, ვიღაცა ცხოვრების ჩვეული რიტმის გრაფიკიდან ამოაგდო. შინ სხვა იყო, შინ სიკეთის ნაწილაკებით დამუხტული ატმოსფერო ეგულებოდა და ზოგჯერ, მოცალეობის ჟამს, პაწიების ჟღურტული ესმოდა. ცოლ-შვილი სოფელში ცხოვრობდა, მამისეულ ოჯახში, რომელიც უფროს ძმებს დაუთმო, და მოუთმენლად ელოდნენ ბინის მიღებას. ”…უკვე ასაკში შევდივარ. ამ მილიონიან ქალაქში, ათასი რჯულის, ათასანაირი საქმიანობის კაცით აზიმზიმებულ ქალაქში… ერთი პატარა ოთახი!..”. კბილები დააღრჭიალა. მიხვდა, ნებაზე რომ მიეშვა სხეული, მიწაზე გაიშხლართებოდა. უკვე მერამდენედ ბრუნდებოდა ქალაქიდან არაქათგამოცლილი ღამით, როცა ეს მხარე უკაცრიელ შორეთს ემსგავსებოდა. ჩვეულებრივად ცდილობდა შებინდებამდე დაბრუნებულიყო, როცა რომელიმე ავტომობილის მძღოლი (უმეტესად _ სატვირთოსი) ”მადლს მოისხამდა”. ”და ცხოვრობს ხალხი, რომელთაც საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც ექნებათ უბინაობაზე. და ცხოვრობს ხალხი…”
მგზავრს გაეცინა. რატომღაც ლაბადის ღილები შეიკრა. ცას იმედით აჰხედა. სამიოდე მოჩინარი ვარსკლავი თანამოძმედ დაიგულა. და უცებ ძრავის ხმა მოესმა. არ მიუხედავს, მხოლოდ გზის ნაპირისკენ მიიწია. იცოდა, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ვისაც გვერდით საყვარელი ან შემთხვევით გაცნობილი ლამაზმანი ეჯდა და აგარაკზე მისვლას ეშურებოდა, არამცთუ ღამით, დღისითაც ”უფრთხოდა” უცხო ადამიანს. ზოგჯერ ამ გზაზე, შუაღამისას, მილიციის მორიგე ”ვილისი” ჩაივლიდა ხოლმე. თავდაპირველად დაინტერესდნენ მგზავრით, როგორც საეჭვო ვინმე, მანქანაშიც ჩასვეს, მერე კი ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ და არც ”მადლის მოსხმის” წადილს შეუწუხებიათ.
ფარების შუქმა გზატკეცილი გადასერა. იმედი საოცრად მცირე იყო, მაგრამ მაინც იმედი ეთქმოდა, და მგზავრს მოეჩვენა, რომ ავტომობილი სვლას ანელებდა. ოდნავ მიბრუნდა, ”ჟიგულს” მიაშტერდა. თითქოსდა ლამაზი ქალი დალანდა და თვალები აუციაგდა. საცა იყო, დაღმართს ჩაათავებდა, მაგრამ გზა კიდევ უფრო ”გაიწელა”.
მოულოდნელად ქარმა დაუქროლა. კაცი რაღაცნაირად გადაიგრიხა. შეიგინა, თვალები მოისრისა. ”ასე დილამდე ვერ მივალ…”, ბრაზიანად გაიფიქრა და ადგილს მოსწყდა.
შემოდგომის მიწურული იდგა. ხშირი წვიმებისგან ჰაერი ნესტით გაჟღენთილიყო. სველ ასფალტზე ფეხსაცმელების ლანჩები სხლტებოდნენ, მაგრამ მაინც შეუპოვრად მიიწევდა წინ. ”ამ ათასი რჯულის, ათასნაირი საქმიანობის კაცით აზიმზიმებულ მილიონიან ქალაქში… ერთი პატარა ოთახი… უკვე ასაკიც მომერია, როდის უნდა მეღირსოს, როდის?!”. მალე გამოეცალა არაქათი. ჩანთა მუხლებზე ეხათქუნებოდა. შედგა, სული ამოითქვა. გონების თვალით ”შუაწელს” გახედა. საოცრად გრძელი ეჩვენა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ჩანთა მიწაზე დადო. ასანთს ძლივს მიაგნო, სანამ მოუკიდებდა, რატომთაც ზემდეგი შლახი გაახსენდა. ხოლო, როცა მომძლავრებულმა ქარმა გაითარეშა, ჩანთა ამოაყირავა და ფეხებზე მიანარცხა. მან კი სიგარეტი ქარს გააყოლა, ასანთი თავად ქარმა მოსტაცა. მგზავრი ჩანთას დასწვდა და კვლავ გაიქცა. ამჯერად მხოლოდ იმიტომ, რომ ერბინა. წარმოსახვაში ჯარისკაცობის დროინდელ ეპიზოდს აცოცხლებდა, რათა სირბილი გაადვილებოდა.
(…მოზომილ ნაბიჯებით მიძუნძულებდა. გაავებული ქარი პირისახეში აყრიდა ფანტელებს და კანს უკაწრავდა. და მაინც, იქნებ დაბამბული ქურთუკის გახდაც ეფიქრა, მაგრამ მხარზე აკიდებულ შაშხანას, აირწინაღს, ქამარზე ჩამოკიდებულ სავაზნეს და სასანგრე ნიჩაბს ვერასგზით მოიშორებდა, რადგან ჯარისკაცი გახლდათ და თანაც, შლახის ბრძანებით, ოცეულთან ერთად მეოთხე ყარაულის დასაცავად მიიჩქაროდა. ზემდეგი მსუბუქად მიიწევდა. ფარაჯა ეცვა, წელს პისტოლეტი უმშვენებდა და მის ფეხებქვეშ გზა თითქოსდა ნოხივით იკეცებოდა. ჯარისკაც გრიგალაშვილს იგი ”სანიშნედ” ჰყავდა დაგულებული. ათიოდე მეტრის დაშორებით მისდევდა. ნაადრევად წინ გაჭრილ მეომრებს შიგადაშიგ უნდოდ გადახედავდა… საქართველოში გაზაფხულის მზე ათბობდა მიწას, ვიღაც თბილად მომღიმარი კაცი ვენახს ბარავდა. მამამისი უნდა ყოფილიყო… ”ჭამე, ბიჭო! კაცური ჭამა-სმა ისწავლე!”, აძალებდა მოხუცი. ”კაცური ჭამა-სმა თუ იცი კაცმა, არც კაცობა შეგეშლება”. მოხუცი ბაბუად ეკუთვნოდა. მერე თანდათან გაუჭირდა სუნთქვა და ოცნებაც გაიცრიცა. მკერდიდან ამოწვერილი სიმხურვალე მთელს სხეულზე შემოენთო და ოფლი მოადინა. ბიჭები თანდათან ჩამორჩნენ. ”არ ჩამორჩეთ!.. მოუმატეთ!!!”, იძლეოდა ზემდეგი მოკლე ბრძანებებს. ჯარისკაც გრიგალაშვილს ცალი ხელით შაშხანის ღვედი ეჭირა, მეორეთი აირწინაღის დამაგრებას ცდილობდა, წელზე უმოწყალოდ რომ ებათქუნებოდა. შემდეგ ერთბაშად გამოეცალა არაქათი…)
მგზავრმა ორასი მეტრი გაირბინა და პირი იბრუნა. სხეულში ჩახეტებული ქარის ტალღა გაჭირვებით ამოისუნთქა. ”ამ მილიონიან ქალაქში… გრიგალაშვილი, წინ!” ზემდეგ შლახის კილოზე გასცა ბრძანება. შებრუნდა და ისევ გაიქცა.
( …მცირე ხნით ჯგუფის ბოლოში აღმოჩნდა. მაგრამ თანდათანობით პირველი ოფლი შეაშრა და ცოტაოდენი ძალ-ღონეც შეემატა. ”სანიშნედ” ისევ ზემდეგი დაიგულა. ”მოუმატეთ! მოუმატეთ!” _ კვლავ დასჭექა შლახმა. არადა, მეექვსე კილომეტრზე უკვე სამი კაცი ჩამორჩათ, მეცხრეზე კიდევ _ სამი. არავის სურდა გაეზიარებინა მათი ბედი. მეომრულ თავმოყვარეობაზე უარი რომ ეთქვათ, ყოველმა მათგანმა იცოდა ”დაღუპულებს” მომავალში სიქას გააცლიდნენ. ”ამხანაგო ზემდეგო, შევჩერდეთ, სხვებს დავუცადოთ!”, ქოშინით გასაძახა გრიგალაშვილმა წინამძღოლს. ”არავითარ შემთხვევაში, გინდ ერთი კაცი მივიდეს მეოთხე ყარაულში. ოღონდ რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს!”. ”ერთი რა, ობიექტის დაცვას შეძლებს?!. ”თუ არ შეძლებს, ააფეთქებს!”. მაშინ ამ საქმეს თქვენც ეყოფით!”. ”გრიგალაშვილი, შეწყვიტე ლაპარაკი!”.
ჯარისკაცს მუხლებში ძალა წაერთვა. შაშხანისა და აირწინაღის ოდანავი გადაქანებაც კი წონასწორობას აკარგვინებდა. ქარი უმოწყალოდ უღადრავდა გულ-მკერდს. მოულოდნელად, თითქოს კუდი მოიქნიაო, ისე ”შეჯიჯგნიდა” მარცხნიდან, შემდეგ მარჯვნიდან უტევდა).
მგზავრს ჩანთა მუხლებს შორის გაეჩხირა და კინაღამ გაიშხლართა. ”აღმართს” მისდგომოდა. წუთით ქარი ისე მოიღვენთა და ისე დაემსგავსა ნიავს, გეგონებოდათ, სულში ჩაძვრომას უპირებდა. კაცს მუხლები უკანკალებდა, საიდანღაც ცხვირსახოცი ამოაძვრინა და ოფლი გულდაგულ შეიმშრალა. შორიახლო ძაღლების ხროვა აყეფდა. გულუბრყვილოდ გაეხარდა, ადამიანის ერთგული ცხოველები რომ გამოეპასუხნენ. მერე წუთით ქარი სადღაც გადაიკარგა. მგზავრს ქარის ალისაგან ხორცამწვარი მკერდის ღრუ დაუამდა და ცას ახედა. ცის ბურუსში მიმალულ მთვარეზე გაწყრა. ”აღმართს” გულდაგულ აუყვა. შიმშილმა მტაცებელივით გაითარეშა სხეულში, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა: შინ მისულს სამოსი უნდა გამოეცვალა, ხელ-პირი დაებანა, ვახშამი მოემზადებინა და სუფრას კომფორტით განებივრებული კაცივით მსუყე იერით მისჯდომოდა. ”აღმართი” თითქოსდა კლდესავით აღმართულიყო და სხეული მთასვლელივით მოზიდა.
( …ჯარისკაცები მეთორმეტე კილომეტრზე გარბოდნენ. ახლა თორმეტი კაცი შერჩა ერთმანეთს. ორი წინ მირბოდა, იმ ორს მიუძღვებოდა შლახი. უკან კი ის და დავიდოვი მიიძურწებოდნენ. მერე სხვები მოჯახირობდნენ. ღდინი ეცლებოდა, ზოგჯერ ლამის მიფარფატებდა. თვალებში სინათლე დაუნდობლად კიაფობდა, მერე უცებ ზედ ბინდი ეკვროდა და იგი უმისამართოდ მიექანებოდა. ”გრიგალაშვილი, მოუმატე!” მოესმა სადღაც უსასრულობიდან შლახის ხმა. დაიძაბა და ანგარიშმიუცემლად გაქანდა წინ. იმავ წამს ფეხი ფეხს წამოსდო, გვერდით გადაქანდა და გზისპირა კვალში გადაგორდა. ცნობიერებაში კი ბუნდოვნად აისახა შენობის სილუეტი. ”მეოთხე ყარაული…” _ გაკრთა მის ფონზე. ”არ გაეკაროთ, თავად სცადოს! აბა, სიგარეტის ქაჩვა სხვებსაც ეხერხება”, დაიძახა შლახმა. ერთბაშად წამოიმართა საკუთარ უძლურებაზე გაღიზიანებული, შაშხანა და აირწინაღი შეისწორა და ”გადარჩენილებს ” გამოენთო).
მგზავრს სასა ერთიანად გაუშრა. გონებას უმწეობის ბურუსი ჩამოაწვა. ლაფში ჩავარდნილივით ძლივს მიათრევდა ფეხებს. ”წესიერად რომ მესადილა, ასე არ გავთახსირდებოდი…”. მან კბილები გააღრჭიალა. ”აღმართის” ნარჩენი სულმოუთქმელად აირბინა. უკვე ”სიმაღლეზე” იდგა. გამარჯვებული კაცის იერი ჰქონდა, არც ქარს არიდებდა პირს. ნათურებად ”ახუნძლული” ქალაქი ამაყად შეათვალიერა. ”ამ მილიონიან ქალაქში…” ჩანთა მიწაზე დადო და გაირინდა. შორიახლო თვალები აკიაფდნენ. ”მგლები… შესაძლოა, შემახრამუნონ”. გადაიხარხარა და მოელვარე თვალებიც გაუჩინარდნენ. კვლავ ამაყი მზერა მოავლო ქალაქს. თითქოს შური იძია. მერე ”ვაკეს” გაუყვა. ”აბებე ბიკილა! ყოველდღიური იძულებითი მარათონი და ოლიმპიადის ჩემპიონობა”. ირონიული ღიმილი თითქოსდა სიბნელეში გაფრთხიალდა.
( ჯარისკაცი ზემდეგს გაუსწორდა და გაასწრო. ზემდეგი ამას არ ელოდა, რაღაც ამოიხრიალა. ჯარისკაცმა გრიგალაშვილმა მეოთხე ყარაულის დაცვას მაშველი ძალის გამოჩენა ამცნო და ზემდეგი შლახის მისვლას დაელოდა. ზემდეგმა შექების ნიშნად რაღაც ჩაიბურტყუნა და მორიგი ბრძანება გასცა).
მგზავრმა შორეთში მოლიცლიცე ცეცხლის ალს გახედა, მიაჩერდა და კვლავ სცადა გაქცევა. ”ვაკეც” გაილია. რომელიღაც სახლში მოციაგე ნათურის შუქმა შვება მოჰგვარა. სხეულმოღვენთილმა თვალებით სახლის სილუეტები ” ჩაბღუჯა”. სახლში სიკეთე, ნაცნობი საგნები და სიცივედაკრული სითბო ელოდა. წამით მზერა აუფორიაქდა, მოეჩვენა, რომ სახლში სინათლე ენთო, თითქოს პაწიების ჟღურტულიც ჩაესმა…

”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა!
"HOUSE", And on the road the sergeant major Shlax and Abbe Bikila





















=======
ვალი (მოთხრობა) / The debt (Story)

*
ზიგზაგები (მოთხრობა) / The Zigzags (Story)

*
ყველა ღალატის ჯინაზე (მოთხრობა)

*
მოუნანიებელი ცოდვა (მოთხრობა)

*
მორიგი მსხვერპლი (მოთხრობა)

*
მეთერმეტე ფეხბურთელი (მოთხრობა)

*
მემკვიდრე (ნაწყვეტი მოთხრობიდან)

*
ნოველები ...

*
რეკლამა და სიყვარული (იუმორისტული მოთხრობა) / Adve...
*

/\
ძაღლები
ზედმიწევნით ახირებული კაცი ---
”ლტოლვილი სიზმარეთიდან”
*
გრიგალში, სინამდვილე ---”მემკვიდრე” (მოთხრობების კრებული)
*რევოლუციური მოტივაციები... (ბოლოდროინდელი ნოველები...)
\=/

/\========
საძიებელი
The index



გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space... /
აქვე:
”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”

”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! / 'HOUSE', And on the road the sergeant major Shlax and Abbe Bikila
***
***
***

ინგლისურენოვანი...
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
=======
Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
========
=======


Комментариев нет:

Отправить комментарий

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.