ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive space; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

среда, 22 апреля 2009 г.

”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! / 'HOUSE', And on the road the sergeant major Shlax and Abbe Bikila



-->



მოთხრობა სახლი ლიტერატურულ საქართველოში” ”ყმუილზე” (ძახილი) ადრე 1982 წლის დასაწყისში გამოქვეყნდამაგრამ დაბეჭდვამდე გაზეთის რედაქტორმა ბატონმა ვახტანგ ჭელიძემ თავის კაბინეტში მიხმო და მირჩია: იქნებ სხვა მოთხრობა მოიტანოო… ”არა, თუ დამიბეჭდავთ ეს მოთხრობა დამიბეჭდეთ…” _ მეთქი, ნაჩქარევად მივუგე მე… ”შენთვის არ ივარგებს… ” _ლმობიერად გამაფრთხილა. იქვე, ერთი სახელოვანი, თმაშევერცხლილი პროზაიკოსი იჯდა, იმჟამინდელი ლიტერატურული საქართველოსსარედაქციო კოლეგიის წევრი, ვიგრძენი თანაგრძნობით მიცქერდა… ”რა აზრი აქვს, სხვსაც დამიწუნებთ!..”_აზრი არ შემიცვლია, მერე მოვიბოდიშე, წამოვდექი და წამოვედი.
ეტყობა, შინაგანად ორივე მხარს მიჭერდა და ეს მოთხრობა გაზეთლიტერატურული საქართველოსშუა, მეეცხრეზე (9) გვერდზე დაიბეჭდა... (ოღონდ ”აბებე ბიკილა”, რატომღაც გაუჩინარდა), მერვეზე (8) «ცისფერყანწელთა» ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრის და შემდგომ გახმაურებული ლექსის ”25 თებერვლის” ავტორის კოლაუ ნადირაძისა და მაშინდელი მწერალთა კავშირის ერთ-ერთი მდივნის შოთა ნიშნიანიძის ლექსები იყო გამოქვეყნებული. (ლიტერატურული საქართველო, 12 თებერვალი, 1982 ).

შემდგომ ვიღაცამ იხუმრა, ჯანრის ბინის თაობაზე განცხადების დაწერა რაღად უნდა, ”სახლსწაიკითხავს და გადაწყვეტილია ეგ ამბავიოარადა, იმ ხანებში მწერალთა კავშირთან არსებულმა ბინების გამანაწილებელმა .. კომისიამ, ბინის მიღების მომლოდინეთა იმ სიიდან ამომიღო, რომელიც ჩემი თაობისწარმომადგენლთა გვარებისგან შედგებოდაბატონ შოთას, რომელსაც . ახალგაზრდა მწერალთამეურვეობაებარა, თავის კაბინეტში ჯიქურ მივადექი და უსიამოვნო საუბარი გვქონდამერე მე და ჩემი მეუღლე კიდევ დიდხანს ვიდექით მდგმურებადმოთხრობასახლიკი, იმავე 1982 წლის ბოლოს დასტამბულ ჩემს პირველ წიგნში შგიძლიათ მოიძიოთ…(”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული), გამომცემლობა ”მერანი” 1982 წ. _ "The Refugee from Dreamland." P. H. "Merani," 1982). ერთხელ, ბატონმა გიორგი ნიშნიანიძემ (ბატონი შოთას ძმამ) გამორჩეულმა მთარგმნელმა და მწიგნობარმა ჩემი რომანის (ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან. / Janri Gogeshvili, "The Herald of Dawn", Some parts from the novel.) წაკითხვის შემდეგ მითხრა: ”გაოცებული ვარ, კრიტიკას ამ რომანის ორიგინალურ სიუჟეტზე, რატომ არ დაცდება სიტყვა…”-. რა ვიცი, ასე დამებედა, წაკითხვით ინტერესით კითხულობენ, მაგრამ, თან რაღაც აღიზიანებთ მეთქი, ღიმილით მივუგე.

ახლა, ჩემმა ვაჟმა ბატონი შოთას ათზე მეტი ლექსი იცის ზეპირად, მართლაც, რომ მშვენიერი ლექსების დეკლამირებას მოხდენილად ახერხებს და სხვებთან ერთად მეც სიამოვნებით ვუსმენ…
მაშ ასე:
სახლი
წამით იგი ქალაქიდან გამოქცეული გეგონებოდათ. არადა, სახლისკენ მიიჩქაროდა. უკვე უკან მოიტოვა ახალი უბანი, რომლის შუამდე ავტობუსით გამოაღწია… და, როგორც იქნა, სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. ”ჯერ გზები უნდა გაიყვანონ ხოლმე. მხოლოდ მისასვლელს გაიკვალავენ, მიუშვებენ ხალხს და”… შედგა, ამოისუნთქა და ჩაბნელებული სივრცე დაზვერა. სადღაც, შორს ცეცხლის ალი ლიცლიცებდა, თითქოსდა უკუნეთს დარაჯობდა. გამოფიტული სიჩუმე შიშსა და ძრწოლვას ასულდგმულებდა. ”თუ ვიმარჯვე, ერთ საათში შინ ვიქნები”. მგზავრმა ოხვრამიტანებით ამოისუნთქა. სახლი, რომლისკენაც ასე თავდაუზოგავად მიილტვოდა, ერთი ქალაქელის აგარაკად ითვლებოდა, რომელიც შედარებით იაფად იქირავა და ახლა უბინაო კაცის ბინა-სადგომად ქცეულიყო.
შიმშილი გულ-ღვიძლში გაიკლაკნა. მგზავრმა ჩანთა ხელიდან ხელში შეათამაშა. ჩანთაში პური, ძეხვი და შაქარი ეგულებოდა. ”არა, შინ ავალ და…” მოზომილ ნაბიჯებს ადგამდა. გონების თვალით სახლამდე დარჩენილ მანძილს ზომავდა. ”დაღმართი… შუაწელი… აღმართი… სიმაღლე… ვაკე”. და იქვე, რამდენიმე კილომეტრის მიღმა, არსებობდა მილიონიანი ქალაქი მიმოსვლის ათასგვარი საშუალებით.
კაცმა ქალაქს გახედა. თითქოსდა ნათურებად აკინძულ სახლებს შურიანი მზერა შეავლო. ”სადმე ერთი კუნჭული… სადმე ერთი ნათურა… რა ხანია შინ ვიქნებოდი…”. იმ ნათურებიდან რამდენიმე მისი ნათესავების ბინას აშუქებდა. თავისუფლად შეეძლო რომელიმე მათგანთთან შეევლო და ახლა, უკვე დანაყრებული (რა თქმა უნდა, ”აბაზანაგავლილი”), ლოგინში იქნებოდა. მაგრამ დროგადაცილებულ სტუმრობას თავს არიდებდა. გულითადი მასპინძელიც რომ დახვედროდა, იმ მასპინძლობის ”ტყვე” იქნებოდა. იცოდა, ვიღაცას აწუხებდა, ვიღაცა ცხოვრების ჩვეული რიტმის გრაფიკიდან ამოაგდო. შინ სხვა იყო, შინ სიკეთის ნაწილაკებით დამუხტული ატმოსფერო ეგულებოდა და ზოგჯერ, მოცალეობის ჟამს, პაწიების ჟღურტული ესმოდა. ცოლ-შვილი სოფელში ცხოვრობდა, მამისეულ ოჯახში, რომელიც უფროს ძმებს დაუთმო, და მოუთმენლად ელოდნენ ბინის მიღებას. ”…უკვე ასაკში შევდივარ. ამ მილიონიან ქალაქში, ათასი რჯულის, ათასანაირი საქმიანობის კაცით აზიმზიმებულ ქალაქში… ერთი პატარა ოთახი!..”. კბილები დააღრჭიალა. მიხვდა, ნებაზე რომ მიეშვა სხეული, მიწაზე გაიშხლართებოდა. უკვე მერამდენედ ბრუნდებოდა ქალაქიდან არაქათგამოცლილი ღამით, როცა ეს მხარე უკაცრიელ შორეთს ემსგავსებოდა. ჩვეულებრივად ცდილობდა შებინდებამდე დაბრუნებულიყო, როცა რომელიმე ავტომობილის მძღოლი (უმეტესად _ სატვირთოსი) ”მადლს მოისხამდა”. ”და ცხოვრობს ხალხი, რომელთაც საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც ექნებათ უბინაობაზე. და ცხოვრობს ხალხი…”
მგზავრს გაეცინა. რატომღაც ლაბადის ღილები შეიკრა. ცას იმედით აჰხედა. სამიოდე მოჩინარი ვარსკლავი თანამოძმედ დაიგულა. და უცებ ძრავის ხმა მოესმა. არ მიუხედავს, მხოლოდ გზის ნაპირისკენ მიიწია. იცოდა, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ვისაც გვერდით საყვარელი ან შემთხვევით გაცნობილი ლამაზმანი ეჯდა და აგარაკზე მისვლას ეშურებოდა, არამცთუ ღამით, დღისითაც ”უფრთხოდა” უცხო ადამიანს. ზოგჯერ ამ გზაზე, შუაღამისას, მილიციის მორიგე ”ვილისი” ჩაივლიდა ხოლმე. თავდაპირველად დაინტერესდნენ მგზავრით, როგორც საეჭვო ვინმე, მანქანაშიც ჩასვეს, მერე კი ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ და არც ”მადლის მოსხმის” წადილს შეუწუხებიათ.
ფარების შუქმა გზატკეცილი გადასერა. იმედი საოცრად მცირე იყო, მაგრამ მაინც იმედი ეთქმოდა, და მგზავრს მოეჩვენა, რომ ავტომობილი სვლას ანელებდა. ოდნავ მიბრუნდა, ”ჟიგულს” მიაშტერდა. თითქოსდა ლამაზი ქალი დალანდა და თვალები აუციაგდა. საცა იყო, დაღმართს ჩაათავებდა, მაგრამ გზა კიდევ უფრო ”გაიწელა”.
მოულოდნელად ქარმა დაუქროლა. კაცი რაღაცნაირად გადაიგრიხა. შეიგინა, თვალები მოისრისა. ”ასე დილამდე ვერ მივალ…”, ბრაზიანად გაიფიქრა და ადგილს მოსწყდა.
შემოდგომის მიწურული იდგა. ხშირი წვიმებისგან ჰაერი ნესტით გაჟღენთილიყო. სველ ასფალტზე ფეხსაცმელების ლანჩები სხლტებოდნენ, მაგრამ მაინც შეუპოვრად მიიწევდა წინ. ”ამ ათასი რჯულის, ათასნაირი საქმიანობის კაცით აზიმზიმებულ მილიონიან ქალაქში… ერთი პატარა ოთახი… უკვე ასაკიც მომერია, როდის უნდა მეღირსოს, როდის?!”. მალე გამოეცალა არაქათი. ჩანთა მუხლებზე ეხათქუნებოდა. შედგა, სული ამოითქვა. გონების თვალით ”შუაწელს” გახედა. საოცრად გრძელი ეჩვენა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ჩანთა მიწაზე დადო. ასანთს ძლივს მიაგნო, სანამ მოუკიდებდა, რატომთაც ზემდეგი შლახი გაახსენდა. ხოლო, როცა მომძლავრებულმა ქარმა გაითარეშა, ჩანთა ამოაყირავა და ფეხებზე მიანარცხა. მან კი სიგარეტი ქარს გააყოლა, ასანთი თავად ქარმა მოსტაცა. მგზავრი ჩანთას დასწვდა და კვლავ გაიქცა. ამჯერად მხოლოდ იმიტომ, რომ ერბინა. წარმოსახვაში ჯარისკაცობის დროინდელ ეპიზოდს აცოცხლებდა, რათა სირბილი გაადვილებოდა.
(…მოზომილ ნაბიჯებით მიძუნძულებდა. გაავებული ქარი პირისახეში აყრიდა ფანტელებს და კანს უკაწრავდა. და მაინც, იქნებ დაბამბული ქურთუკის გახდაც ეფიქრა, მაგრამ მხარზე აკიდებულ შაშხანას, აირწინაღს, ქამარზე ჩამოკიდებულ სავაზნეს და სასანგრე ნიჩაბს ვერასგზით მოიშორებდა, რადგან ჯარისკაცი გახლდათ და თანაც, შლახის ბრძანებით, ოცეულთან ერთად მეოთხე ყარაულის დასაცავად მიიჩქაროდა. ზემდეგი მსუბუქად მიიწევდა. ფარაჯა ეცვა, წელს პისტოლეტი უმშვენებდა და მის ფეხებქვეშ გზა თითქოსდა ნოხივით იკეცებოდა. ჯარისკაც გრიგალაშვილს იგი ”სანიშნედ” ჰყავდა დაგულებული. ათიოდე მეტრის დაშორებით მისდევდა. ნაადრევად წინ გაჭრილ მეომრებს შიგადაშიგ უნდოდ გადახედავდა… საქართველოში გაზაფხულის მზე ათბობდა მიწას, ვიღაც თბილად მომღიმარი კაცი ვენახს ბარავდა. მამამისი უნდა ყოფილიყო… ”ჭამე, ბიჭო! კაცური ჭამა-სმა ისწავლე!”, აძალებდა მოხუცი. ”კაცური ჭამა-სმა თუ იცი კაცმა, არც კაცობა შეგეშლება”. მოხუცი ბაბუად ეკუთვნოდა. მერე თანდათან გაუჭირდა სუნთქვა და ოცნებაც გაიცრიცა. მკერდიდან ამოწვერილი სიმხურვალე მთელს სხეულზე შემოენთო და ოფლი მოადინა. ბიჭები თანდათან ჩამორჩნენ. ”არ ჩამორჩეთ!.. მოუმატეთ!!!”, იძლეოდა ზემდეგი მოკლე ბრძანებებს. ჯარისკაც გრიგალაშვილს ცალი ხელით შაშხანის ღვედი ეჭირა, მეორეთი აირწინაღის დამაგრებას ცდილობდა, წელზე უმოწყალოდ რომ ებათქუნებოდა. შემდეგ ერთბაშად გამოეცალა არაქათი…)
მგზავრმა ორასი მეტრი გაირბინა და პირი იბრუნა. სხეულში ჩახეტებული ქარის ტალღა გაჭირვებით ამოისუნთქა. ”ამ მილიონიან ქალაქში… გრიგალაშვილი, წინ!” ზემდეგ შლახის კილოზე გასცა ბრძანება. შებრუნდა და ისევ გაიქცა.
( …მცირე ხნით ჯგუფის ბოლოში აღმოჩნდა. მაგრამ თანდათანობით პირველი ოფლი შეაშრა და ცოტაოდენი ძალ-ღონეც შეემატა. ”სანიშნედ” ისევ ზემდეგი დაიგულა. ”მოუმატეთ! მოუმატეთ!” _ კვლავ დასჭექა შლახმა. არადა, მეექვსე კილომეტრზე უკვე სამი კაცი ჩამორჩათ, მეცხრეზე კიდევ _ სამი. არავის სურდა გაეზიარებინა მათი ბედი. მეომრულ თავმოყვარეობაზე უარი რომ ეთქვათ, ყოველმა მათგანმა იცოდა ”დაღუპულებს” მომავალში სიქას გააცლიდნენ. ”ამხანაგო ზემდეგო, შევჩერდეთ, სხვებს დავუცადოთ!”, ქოშინით გასაძახა გრიგალაშვილმა წინამძღოლს. ”არავითარ შემთხვევაში, გინდ ერთი კაცი მივიდეს მეოთხე ყარაულში. ოღონდ რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს!”. ”ერთი რა, ობიექტის დაცვას შეძლებს?!. ”თუ არ შეძლებს, ააფეთქებს!”. მაშინ ამ საქმეს თქვენც ეყოფით!”. ”გრიგალაშვილი, შეწყვიტე ლაპარაკი!”.
ჯარისკაცს მუხლებში ძალა წაერთვა. შაშხანისა და აირწინაღის ოდანავი გადაქანებაც კი წონასწორობას აკარგვინებდა. ქარი უმოწყალოდ უღადრავდა გულ-მკერდს. მოულოდნელად, თითქოს კუდი მოიქნიაო, ისე ”შეჯიჯგნიდა” მარცხნიდან, შემდეგ მარჯვნიდან უტევდა).
მგზავრს ჩანთა მუხლებს შორის გაეჩხირა და კინაღამ გაიშხლართა. ”აღმართს” მისდგომოდა. წუთით ქარი ისე მოიღვენთა და ისე დაემსგავსა ნიავს, გეგონებოდათ, სულში ჩაძვრომას უპირებდა. კაცს მუხლები უკანკალებდა, საიდანღაც ცხვირსახოცი ამოაძვრინა და ოფლი გულდაგულ შეიმშრალა. შორიახლო ძაღლების ხროვა აყეფდა. გულუბრყვილოდ გაეხარდა, ადამიანის ერთგული ცხოველები რომ გამოეპასუხნენ. მერე წუთით ქარი სადღაც გადაიკარგა. მგზავრს ქარის ალისაგან ხორცამწვარი მკერდის ღრუ დაუამდა და ცას ახედა. ცის ბურუსში მიმალულ მთვარეზე გაწყრა. ”აღმართს” გულდაგულ აუყვა. შიმშილმა მტაცებელივით გაითარეშა სხეულში, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა: შინ მისულს სამოსი უნდა გამოეცვალა, ხელ-პირი დაებანა, ვახშამი მოემზადებინა და სუფრას კომფორტით განებივრებული კაცივით მსუყე იერით მისჯდომოდა. ”აღმართი” თითქოსდა კლდესავით აღმართულიყო და სხეული მთასვლელივით მოზიდა.
( …ჯარისკაცები მეთორმეტე კილომეტრზე გარბოდნენ. ახლა თორმეტი კაცი შერჩა ერთმანეთს. ორი წინ მირბოდა, იმ ორს მიუძღვებოდა შლახი. უკან კი ის და დავიდოვი მიიძურწებოდნენ. მერე სხვები მოჯახირობდნენ. ღდინი ეცლებოდა, ზოგჯერ ლამის მიფარფატებდა. თვალებში სინათლე დაუნდობლად კიაფობდა, მერე უცებ ზედ ბინდი ეკვროდა და იგი უმისამართოდ მიექანებოდა. ”გრიგალაშვილი, მოუმატე!” მოესმა სადღაც უსასრულობიდან შლახის ხმა. დაიძაბა და ანგარიშმიუცემლად გაქანდა წინ. იმავ წამს ფეხი ფეხს წამოსდო, გვერდით გადაქანდა და გზისპირა კვალში გადაგორდა. ცნობიერებაში კი ბუნდოვნად აისახა შენობის სილუეტი. ”მეოთხე ყარაული…” _ გაკრთა მის ფონზე. ”არ გაეკაროთ, თავად სცადოს! აბა, სიგარეტის ქაჩვა სხვებსაც ეხერხება”, დაიძახა შლახმა. ერთბაშად წამოიმართა საკუთარ უძლურებაზე გაღიზიანებული, შაშხანა და აირწინაღი შეისწორა და ”გადარჩენილებს ” გამოენთო).
მგზავრს სასა ერთიანად გაუშრა. გონებას უმწეობის ბურუსი ჩამოაწვა. ლაფში ჩავარდნილივით ძლივს მიათრევდა ფეხებს. ”წესიერად რომ მესადილა, ასე არ გავთახსირდებოდი…”. მან კბილები გააღრჭიალა. ”აღმართის” ნარჩენი სულმოუთქმელად აირბინა. უკვე ”სიმაღლეზე” იდგა. გამარჯვებული კაცის იერი ჰქონდა, არც ქარს არიდებდა პირს. ნათურებად ”ახუნძლული” ქალაქი ამაყად შეათვალიერა. ”ამ მილიონიან ქალაქში…” ჩანთა მიწაზე დადო და გაირინდა. შორიახლო თვალები აკიაფდნენ. ”მგლები… შესაძლოა, შემახრამუნონ”. გადაიხარხარა და მოელვარე თვალებიც გაუჩინარდნენ. კვლავ ამაყი მზერა მოავლო ქალაქს. თითქოს შური იძია. მერე ”ვაკეს” გაუყვა. ”აბებე ბიკილა! ყოველდღიური იძულებითი მარათონი და ოლიმპიადის ჩემპიონობა”. ირონიული ღიმილი თითქოსდა სიბნელეში გაფრთხიალდა.
( ჯარისკაცი ზემდეგს გაუსწორდა და გაასწრო. ზემდეგი ამას არ ელოდა, რაღაც ამოიხრიალა. ჯარისკაცმა გრიგალაშვილმა მეოთხე ყარაულის დაცვას მაშველი ძალის გამოჩენა ამცნო და ზემდეგი შლახის მისვლას დაელოდა. ზემდეგმა შექების ნიშნად რაღაც ჩაიბურტყუნა და მორიგი ბრძანება გასცა).
მგზავრმა შორეთში მოლიცლიცე ცეცხლის ალს გახედა, მიაჩერდა და კვლავ სცადა გაქცევა. ”ვაკეც” გაილია. რომელიღაც სახლში მოციაგე ნათურის შუქმა შვება მოჰგვარა. სხეულმოღვენთილმა თვალებით სახლის სილუეტები ” ჩაბღუჯა”. სახლში სიკეთე, ნაცნობი საგნები და სიცივედაკრული სითბო ელოდა. წამით მზერა აუფორიაქდა, მოეჩვენა, რომ სახლში სინათლე ენთო, თითქოს პაწიების ჟღურტულიც ჩაესმა…

”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა!
"HOUSE", And on the road the sergeant major Shlax and Abbe Bikila





















=======
ვალი (მოთხრობა) / The debt (Story)

*
ზიგზაგები (მოთხრობა) / The Zigzags (Story)

*
ყველა ღალატის ჯინაზე (მოთხრობა)

*
მოუნანიებელი ცოდვა (მოთხრობა)

*
მორიგი მსხვერპლი (მოთხრობა)

*
მეთერმეტე ფეხბურთელი (მოთხრობა)

*
მემკვიდრე (ნაწყვეტი მოთხრობიდან)

*
ნოველები ...

*
რეკლამა და სიყვარული (იუმორისტული მოთხრობა) / Adve...
*

/\
ძაღლები
ზედმიწევნით ახირებული კაცი ---
”ლტოლვილი სიზმარეთიდან”
*
გრიგალში, სინამდვილე ---”მემკვიდრე” (მოთხრობების კრებული)
*რევოლუციური მოტივაციები... (ბოლოდროინდელი ნოველები...)
\=/

/\========
საძიებელი
The index



გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space... /
აქვე:
”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”

”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! / 'HOUSE', And on the road the sergeant major Shlax and Abbe Bikila
***
***
***

ინგლისურენოვანი...
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
=======
Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
========
=======


среда, 15 апреля 2009 г.

”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”

”ყმუილის” რეაბილიტაცია
Rehabilitation of ”howl”
…მას შემდეგ, რაც მშობლიური ნიგოითის გავლით ქალაქ ბათუმს შევაფარე თავი და ჩემი ”ფართო ლიტერატურულ ასპარეზზე” გასვლა მოთხრობა ”უჯიშობის მსხვრპლი” -ს გამო უშედეგოდ დამთვრდა დიდად არ ”დავბრძენებულვარ”. (სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...) ამჟამად მორიგი მოთხრობა ”ყმუილი” ლანჩხუთის რაიონულ გაზეთში წარვადგინე გამოქვეყნების მიზნით. უკვე მშობლების თხოვნით სოფელში გახლდით დაბრუნებული, ვმუშაობდი რაიონულ სტამბაში მბეჭდავად, ვთანამშრომლობდი რაიონულ გაზეთთან და პოეტ რევაზ ლორიას (ხმა მოწვდენილი… რევაზ ლორია - The voice which has ...თაოსნობით ჩამოყალიბებულ ლიტერატურულ წრეში (”კალმოსნობა”-ში) ვიყავი გაერთიანებული; რეზო მეხუმრებოდა, კიდევ კარგი შენ რომ გამოჩნდი, რა ხანია ლიტერატურული წრის შექმნა მინდოდა, მარა ირგვლივ, ყველა ლექსის მწერალია და ავტორიტეტისთვის ერთი პროზაიკოსი ნამდვილად გვჭირდებოდაო. ხუმრობა, ხუმრობაა, მაგრამ იმ დროს, ლიტერატურულ წრე ”კალმოსნობა”-ში გაერთიანებულთა შორის, პროზაიკოსი მართლაც მე გახლდით. ცოტა არ იყოს ამგვარად ”გამორჩეული”, რომ ვიყავიб ცოტათი მეამაყებოდა კიდეც. თუმც შემდგომ, პოეტურად ნიჭიერ წევრთაგან, რამდენიმე ”პროზაშიც” გვარიანად დაოსტატდა. 
მოთხრობის დაბეჭვდა გაჭიანურდა, მაგრამ ბოლოს მაინც გამოქვეყნდა (”კომუნისტური შრომა” №63 (3745)* შაბათი, 26 მაისი, 1973 წელი). გაზეთს იმ ნომერს ხელს აწერდა რედაქტორის მოადგილე გ. (გაიოზ) იმნაძე.
მე რა თქმა უნდა გავიხარე, არადა, ბატონი გაიოზის ”თანამდებობა” კინაღამ შეეწირა ამ ამბავს. გაზეთში ”ყმუილის” შემჩნევისთანავე დაურეკია მაშინდელი რაიკომის მდივანს (სამიდან, რომელს ვერ გეტყვით) და დაუტუქსავს: ”ამ გაგანია ჩაის კრეფის დროს, რა ”ყმუილი” აგიტყდათო”. მართალია მე ბატონ გაიოზისთვის დისდენტობის მაგვარი არაფერი შემიმჩნევია, არც მე გახლდით ამ მხრივ გამორჩეული პიროვნება, თუმც, იმ წლებში, საკმაოდ ცნობილ დისიდენტს, შემდგომში ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელს ვიქტორას პიატკუსს (Викторас Пяткус (Viktoras Petkus) კი მასპინძლობდა ჩვენი ოჯახი; (დალი გოგეშვილი-იოდიშიენე _ Dali Gogeshvili-Iodishiene... ქართველთა სათვისტომო _ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი… ლიტველების სტუმრობა გურიაში, 1971წ. (ესეი ლექსად… ) დისიდენტური ნახტომი… The dissident jump…) უბრალოდ, ფიქრი და წარმოსახვა თავის კვალს ტოვებდა… ვერ ავხსნი, ”სხვა მხრიდან” რაიმე ინტრიგის ჩახლართვის სურვილი იყო თუ არა, მაგრამ მოთხრობა ”ყმუილი” გაზეთ ”კომუნისტურ შრომაში” 26 მაისს დაიბეჭდა. ანუ 1918 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების დღის 55-ე წლისთავზე გამოქვეყნდა. გაზეთი ”კომუნისტური შრომა” კი, მაშინდელი საქართველოს კომპარტიის ლანჩხუთის რაიკომის და მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს ორგანო გახლდათ. ეს თარიღი, მაშინ რესპუბლიკის მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის გვარიანად მივიწყებული გახლდათ. ახლა კი, იმავე ”უმრავალესობისთვის” კარგადაა _ ცნობილი; თუმც, ვისაც და როგორ უნდა ისე შეუძლია იყმუილოს, დღევანდელ ”იდეოლოგიას” არც არაფერი ”დაუშავდება”. კომუნისტური რეჟიმის დროს კი… შემდგომ ესა თუ ის პიროვნება, რამდენჯერმე, ისე ’შინაურულად” ჩამეძია, რამ მოგაფიქრებინა ასეთი უცნაური სიუჟეტიო?.. მე კი ალალ-მართლად ვპასუხობდი; რა ვიცი, ჩვეულებრივ მეთქი… და მერე, ისე რომ, არც შევყოყმანებულვარ ”ყმუილი” სხვა მოთხრობებთან ერთად 1974 წელს გამართულ ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკურ თათბირ-სემინარზე წარვადგინე, სადაც მწერალთა და მიმომხილველთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა (არქივში შემონახული ”ფაქტები”...), 1974 წელს მოთხრობა ლიტვურ ენაზე ითარგმნა... მაგრამ შემდგომ, გამომცემლობა ”მერანში” გამოსაცემად წარდგენილ წიგნიდან იგი ამოიღეს… (მოთხრობა ”უჯიშობის მსხვერპლიც” არ გაუშვეს ამ სათაურით და იძულებული გავხდი ”მორიგი მსხვერპლი” დამერქმია. ”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული), გამომცემლობა ”მერანი” 1982 წ). მომდევნო წელს ”ყმუილი” ”ლიტერატურულ საქართველოში” წარვადგინე… სათაურის შეცვლა კატეგორიულად მომთხოვეს… ვიწყინე, იქაურ თამაშრომელს განვუმარტე ეს მოთხრობა რაიონულ გაზეთში ამ სათაურით დაიბეჭდა, მერე ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარზეც ამავე სათაურით მოწონებული იქნა მეთქი… ”ის რაიონული გაზეთი იყო, სემინარზე შექებაც სხვა რამეა, ეს ლიტერატურული საქართველოა!..” ნიშნისმოგებით მომიგო მან. ეს მეც ვიცოდი, მიტომაც მინდოდა მის ფურცლებზე გამოქვეყნებულიყო… დაღონებულს, თანამშრომელმა მირჩია, შინაარსი ხომ იგივე დარჩება, და დაბეჭდვა გერჩივნოსო, ჰოდა, მეც რომელსაც კარგად მახსოვდა ”ჭოროხის” რედაქციაში ჩემი მოთხრობის ”უჯიშობის მსხვერპლი” ოდისეა, სადაც იგი, ორი წლის ლოდინის შემდეგაც კი არ გამოქვეყნდა, ”ყმუილს” სახელდახელოდ ”ძახილი” შევარქვი და ამავე სათაურით იხილა ქართველი მკითხველის უდიდესმა ნაწილმა. ( ”ლიტერატურული საქართველო” 10 ივნისი, 1983 №24 (2257) საქართველოს საბჭოთა მწერლების გამგეობის ორგანო). სხვათაშორის, გაზეთის ამ ნომერს აქაც რედაქტორის მოადგილე აწერდა ხელს… მერე გამომცემლობა ”ნაკადულში” გამოსაცემად წარდგენილ წიგნში მოთხრობას პირვანდელი სათაური დავუბრუნე, მაგრამ ”მახვილმა თვალმა” უმალ შენიშნა და მირჩია ”ძახილად” დარჩენილიყო. (”მემკვიდრე” (მოთხრობების კრებული), გამომცემლობა ”ნაკადული”, 1984 წ.) იმ დროს, შესაძლოა ვინმე ”ავტორიტეტს”, უფრო მძაფრი სიუჟეტის მქონე მოთხრობასაც უქვეყნებდნენ, მაგრამ ეს ჩემი შემოქმედების ნაწილია და იმ მოთხრობისა, რომელმაც 1973 წელს კომუნისტური რეჟიმის ეპოქაში, ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების 55-ე წლისთავს ”ყმუილით” მისტიროდა. მოთხრობის დასასრულთან, მიბჯენით მაშინდელი ”ტყუპების” ფოტოსურათი იყო გამოქვეყნებული ამგვარი წარწერით: ”ნიუ-იურკი _ შეერთებული შტატების უდიდესი ქალაქი. ცენტში _ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა” რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ღიმილსაც იწვევს; (ჩემეული ვარაუდი, რომ გამიკრთა გონებაში, ჩვენს ოჯახში სტუმრად ნამყოფ ლიტველი დისიდენტის ნამოქმედარიდან გამომდინარე, თავად მე გამეცინა, სადამდე მივიდეს შეიძლება იჭვს აყოლილი ფანტაზია მეთქი…) მაგრამ, ყოველ ამგვარ ვარაუდებს, რომ თავი მივანებოთ, მე როგორც ავტორი თავისებურ უხერხულობას ვგრძნობ, რომ ”ყმუილის” სათაურის შეცვლით მოთხრობას ჩვეული სიმწვავე და შემართება გამოვაცალე. ჰოდა, რეაბილიტაციის დროც მოვიდა, რა რომელ წლისთავს ემთხვევა გამოთვლას არ ვაპირებ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რაც არ უნდა ვიბოდიშო მის წინაშე, მაინც ვერ დავიამებ იმ უხერხულ განცდას, რაც ”ყმუილის” გადასათაურებით დღემდე მომყვება…
=======
მაშ ასე: (პირვანდელი ვარიანტი)

26 მაისი, 1973 წელი
მოთხრობა ყმუილი ვუძღვნი ყველას, ვინც ქართული სოფლის მომავალზე ფიქრობს
_ ჭამე, ძაღლო, თუ ჩემი ოდნავი ხათრი გაქვს, ჭამე! _ სთხოვა ძაღლს მოხუცმა.
მოხუცი ოთხმოცდაერთი წლისა გახლდათ, ძაღლს კი საცა იყო თხუთმეტი შეუსრულდებოდა. მოხუცი ვეებერთელა სახლში მარტოდმარტო ცხოვრობდა. მას არამც და არამც არ სურდა ქალაქში ვაჟიშვილებთან გადასახლება. არც ვაჟებს სურდათ დაეკარგათ სოფელი. ზაფხულ-შემოდგომაზე უკეთეს დასასვენებელ ადგილს ვერსად იშოვნიდნენ.
მოხუცი ძალზე მოხუცი იყო, მაგრამ გული ერჩოდა, თავს ძალას ატანდა და კარ-მიდამო მეზობლებზე უკეთესად მოვლილი ჰქონდა. ძაღლიც ძალზე ჯანგატეხილი გახლდათ, მაგრამ მასაც გული ერჩოდა და ეზოს სხვა ძაღლებზე ნაკლებად როდი დარაჯობდა.
_ ჭამე, ძაღლო, გამოძვერი ბუნაგიდან, სანამდე უნდა იწვე ასე, განუძრევლად, ჭამე, ჩვენთვის ახლა წესიერი კვებაა საწირო, წავიდა ის დრო… ჭამე, თუ ჩემი ხათრი გაქვს, ჭამე!-კვლავ სთხოვა მოხუცმა და მუხლებზე დადებული ხორცითა და ფაფით სავსე თეფშზე კოვზი შეაცურა.
ძაღლი არ იძვროდა, იგი ხის პატარა ჯიხურში თივაზე ლაზათიანად გაწოლილიყო და თვლემდა. მოხუცი იქვე იჯდა ჯორკოზე.
_ ეე, სულ მთლად გაგვიცივდა კერძი. ხომ ხედავ, უშენოდ, არც მე ვჭამ. ნახე, რა ხორცია! ცხვრისაა, უბრალო არ გეგონოს. ჰა, გამოძვერი-მეთქი! _ მოხუცი წამოიწია, თეფში ძაღლისკენ მისწია, ძაღლმა ოდნავ გახსნა ქუთუთუოები და ისევ დახურა. _ ეჰ, მგლისა, -კოვზიანი ხელი ჩაიქნია მოხუცმა-მგლობის აღარაფერი გცხია.
მოხუცი ტყუოდა. ძაღლი მგლის ტიპიური განსახიერება გახლდათ. ყმუილიც მგლური იცოდა. მიტომაც დაარქვა მგლისა.
_ არა, ძმაო, არ მოგეშვები, ნებით არ გინდა, ძალით გაჭმევ! _ მოხუცი კიდევ უფრო წაიხარა. ჯიხურში ხელი შეყო, ძაღლს ქეჩოში წაატანა და გარეთ გამოთრევა დაუწყო..
ძაღლი ვაი-ვაგლახით გამოძვრა ბუნაგიდან. გაიჭიმა, გაიზმორა. მერე უხასიათოდ დაიწყო თეფშიდან ფაფის ჭამა. მოხუცმა ბავშვივით გაიხარა, თავის ადგილზე ყმაწვილური სიმარჯვით დაჯდა.
_ აი, ყოჩაღ! ასე უნდა, სიბერეს დედა უნდა ვუტიროთ…
ძაღლი უმადოდ ჭამდა, ხორცი გაათავა და მოხუცს შეხედა.
_ ახლავე, _ შეპირდა მოხუცი,-ახლავე მოგიტან ხორცს. ნელა წამოდგა და სახლისკენ წავიდა. გამობრუნებულმა დაინახა ძაღლს წიწილები შემოხვეოდნენ, თავხედურად ცდილობდნენ თეფშში ნისკარტის ჩაკვრას. ძაღლი იქვე იწვა. თავი წინა თათებში ჩაედო და უხეირო ღრენით იოხებდა გულს.
_ ახ, თქვე გარეწრებო! _ შეიყვირა მოხუცმა, კიბესთან დაგდებული ჯოხი აიღო და ნაბიჯს შეძლებისდაგვარად მოუმატა. წიწილებმა იგრძნეს მისი მიახლოება და აქეთ-იქით გაიფანტნენ. ძაღლმა მადლიერი თვალებით შეხედა მშველელს. მოხუცი დაიხარა, თეფშში წვრილად დაჭრილი ხორცის ნაჭრები ჩაყარა. _ ჭამე, ძაღლო, ჭამე! ძალა მოიკრიბე, ხომ ხედავ, ეს ნაბიჭვრებიც გაგითავხედნენ, რაკი ხედავენ აღარ გაქვს ძველებური ნახტომის თავი.
საღამო ხანს ძალზე აცივდა. მოხუცმა ძაღლი ოთახში შეიყვანა და ღუმელთან მიუჩინა ადგილი. თუმცა, კარგად იცოდა ამას რაც მოყვებოდა. ძაღლმა ცოტა კი წაიძინა ახალ ”საწოლზე” და როგორც კი დაღამდა, აქეთ-იქით წრიალსა და წკმუტუნს მოჰყვა.
_ დაწყნარდი, მგლისა, დაწყნარდი! _ სთხოვდა მოხუცი-აბა, რად უნდა იყიალო ამ სიცივეში გარეთ. ავსული შენი შიშით მაინც ვერ ჩამობედავს ჩვენს ეზოში, დაწყნარდი-მეთქი, მოისვენე… ჩვენი ბებრული სხეულებისთვის ახლა სითბო და დასვენება საჭირო, დაწყნარდი მეთქი, დაისვენე… _ ძაღლი ყურადღებასაც არ აქცევდა მოხუცს. ახლა კარების ფხაჭნა დაიწყო ბრჭყალებით. _ ეჰ, შენ რა გითხრა, სულ არ მიჯირებ, გაგონილა ასე ჯიუტობა? _ მოხუცმა ბუზღუნით გააღო კარები და ძაღლი გარეთ გაუშვა. გაუხარდა კიდეც, ძაღლს რომ ასე ერჩოდა გული.
მერე ძაღლი იწყებდა ყმუილს. რაღაცაზე მოთქვამდა თითქოს. მოხუცს ზოგჯერ სასტიკად ზარავდა ეს ყმუილი, მაგრა ერთხელაც არ შეუყვირებდა ძაღლს.
ბოლო დროს დაყრუვდა მგლისა. მოხუცს არ ახსოვდა როდის შეამჩნია ეს, მაგრამ ახლა უკვე იცოდა, ძაღლი ნამდვილად ყრუ რომ იყო.
_ მგლისა! _ შესძახებდა ხმამაღლა _ მგლისა! _ თან თავისივე ხმას ყურს მიუგდებდა, საკუთარი სმენის შემოწმებას ცდილობდა.
დილით თეფშით ხელში ნელა ჩაიჩოქებდა ძაღლის ჯიხურთან.
_ გაიღვიძე, ბებერო, გაიღვიძე, უკვე დროა! _ ეტყოდა და თავზე ხელს გადაუსვამდა. ეს არ შველოდა, სანამ ძაღლს ქეჩოში არ წაავლებდა ხელს და გვარიანად არ შეანჯღრევდა, მანამდე არ იღვიძებდა იგი. სწრაფად გაახელდა თვალებს, მაგრამ რაკი იგრძნობდა მოხუცის სიახლოვეს, ზანტად წამოწევდა თავს და ამღვრეული, მბზინავი თვალებით მიაჩერდებოდა. უკვე მხედველობაც ღალატობდა.
_ ეეჰ, სიბერევ! _ ამოიხვნეშებდა მოხუცი _ ეეჰ, სიბერევ! შენი სიძაბუნით გულს რომ მიკლავ, თუ იცი. შენი სიბერე ჩემი სიბერეა, ჩემო ძმაო. სიბერე ყველას ერთნაირი გვაქვს: კაცსაც, პირუტყვსაც, ხესაც. სიბერე ყველასთვის სიბერეა. ჭამე, ჩემო ძმაო, ჭამე-მეთქი!..
დილით მოხუცი ჩუმი კვნესითა და ოხვრით ადგა. რევმატიზმი ორივე ფეხს უღრღნიდა. ღამინდელი სიცივე ალიონსაც გამოჰყოლოდა. სიცივე კი მისი ავადმყოფობის თანამოზიარე იყო. ნაჩქარევად აანთო ღუმელი და კერძის მზადებას შეუდგა. მერე შეჭამანდით სავსე თეფშით გარეთ გავიდა.
_ მგლისა, აუ, მგლისა! _ დაიძახა ჩვეულებისამებრ. ძაღლი ახლო-მახლო არ ჩანდა. იგი არც ჯიხურში აღმოჩნდა. მოხუცმა თეფში მიწაზე დადო, _ მგლისა! _ კვლავ დაიძახა და შეატყო მუხლები დაუსუსტდა. ნაძვის ხესთან გაშოტილი ძაღლი დაინახა. თითქმის გაიქცა მისკენ.
_ მგლისა! _ ამოიგმინა მოხუცმა, ძაღლთან ჩაიმუხლა. ძაღლი სუნთქავდა. უზომოდ გაეხარდა. ლამის ატირებულიყო სიცოცხლის სამადლოდ.
_ მგლისა! აქ რამ დაგაძინა, ძმაო, რამ დაგაძინა, აა, რამ? _ მიუალერსა, მერე ქეჩოში წაავლო ხელი და შეანჯღრია. ძაღლმა ძლივს გახსნა ქუთუთოები. უსისოცხლოდ ახედა ცალი თვალით. წამოწევაც კი არ უცდია.
_ გასაგებია, _ თქვა მოხუცმა _ გაყინულხარ. აქ რამ დაგაწვინა, აქ რამ დაგაძინა…_ დაუწყო მეგობრის ბებერ სხეულს ჟღლემვა. ძაღლს ნელ-ნელა შეუთბა ძარღვებში სისხლი. ჯერ თავი წამოწია. ბოლოს წამოდგომაც მოინდომა. მოხუცი მიეხმარა. ფერდებთან ხელი მოაჭდო, წამოაყენა და მუხლები გაამართვინა. _ აა, შე ბებერო, დაგეძინა ყინვაში არა?.. მოგეცადა ოთახში ღუმელთან. რა ეშმაკი მოგარბენინებდა გარეთ, ანდა ჯიხურში მაინც შეფორთხებულიყავი… სიბერე მისას შვრება, ძმაო. შენ კი არ იჯერებ… კიდევ კარგი,, სულ რომ არ გაიყინე _ გახარებული მოხუცი დიდხანს ეალერსებოდა ძაღლს. ტან-ფეხი დაუზილა, მერე თეფშთან მიიყვანა.
იმ საღამოს წინარამინდელზე უფრო აცივდა. მოხუცმა გადაჭრით გადაწყვიტა ძაღლის ოთახში დაბინავება. თავისი საწოლი პირველად მიაჩოჩა ღუმელთან. საწოლის გვერდზე კი ძაღლს თბილი ”ბუნაგი” მოუწყო. ძაღლმა ალღო აუღო მოხუცის დაჟინებას და ადრიანად მოჰყვა, ჯერ კიდევ მწოლიარე და თვალებდაყურსული კრუსუნსა და წკმუტუნს.
მოხუცი საწოლზე იჯდა.
_ კარგი, ნუ ღელავ, დაასვენე სითბოში ეგ ბებერი სხეული, ვიცი, გული მიგიწევს შენს საქმეზე… მეც მასე არ ვარ? მაგრა ჯანი რომ არცერთს არ შეგვრჩა, მხოლოდ წადილი რა ბედენაა… დაწყნარდი, ამ ბოლო დროს მეც ბევრს ვისვენებ და შენც მიხედე თავს. კარგი, დაწყნარდი-მეთქი! ბოლოს და ბოლოს მე გამიწიე ხათრი. მომწყინდა ამ ოთახში მარტოდ ყოფნა, უფრო სწორად უშენოდ ყოფნა, სანამ გათენდებოდეს და სანამ გნახავდე, ერთი სული მაქვს… დაწყნარდი, ბებერო, ნუ გეშინია, არავინ არაფერს მოგპარავს. შენ რა გგონია, ქურდები არ ბერდებიან? ჩვენი ქურდებიც მოხუცდნენ. აღარ აქვთ ღამე წანწალის თავი, _ მოხუცი ახითხითდა. ძაღლი მაინც არ ცხრებოდა, ახლა, უკვე წამოდგა და კარებს ბრჭყალებით ფხაჭნა დაუწყო, შეიყმუილა კიდეც. _ ბოლოს და ბოლოს, რა დაგემართა! _ გაბრაზდა მოხუცი _ რა თავს სდებ, აქაო-და სადარაჯოზე სიკვდილი მირჩევნია, ღუმელთან თბობასო. _ ადგა და საწოლი გვერდზე გააჩოჩა, ძაღლის ”ბუნაგიც” გადაიტანა _ აი, ახლა რას იტყვი, ბრალს ვერ დამდებ სიძაბუნეში. ღუმელს არც მე მივფიცხებივარ არასოდეს, ძმაო, მაგრამ რევმატიზმა მაფიქრებინა… შენ ალბათ არ გაწუხებს რევმატიზმი, ღმერთმა ნუ ქნას, საშინელებაა. _ ძაღლი ყურადღებას არ აქცევდა მოხუცს. ახლა თავით გაბედულად ცდილობდა კარის გაღებას. _ ეშმაკსაც წაუღიხარ… _ თქვა მოხუცმა. ძაღლმა მასთან მიირბინა, უკბილო ლაშები შარვლის ტოტში წაატანა და მოქაჩა. _ გაგიღებ, გაგიღებ, ჩემო ძმაო, შენ ისეთი ვინმე ხარ, საშველს მაინც არ მომცემ. გაგიღებ, რაიმეს ჩაცმა მაინც შეგეძლოს. შენი ბალანგაცვეთილი ქურქი ვეღარ გათბობს. კარგი, წადი, წადი! _ მოხუცმა ბუზღუნით გააღო კარები და ძაღლი ოთახიდან გაუშვა. მერე ეწყინა, რატომ არ მივეალერსეო წასვლის წინ. ”შესანიშნავი ძაღლია, ჩემზე უფრო ერჩის გული. მთავარია გული გერჩოდეს. გული თუ გერჩის, უსისოცხლო სხეულსაც წამოაყენებ. აიღე ძაღლისგან მაგალითი…” გაიფიქრა გულუბრყვილოდ.
მერე ძაღლი დიდხანს ყმუოდა გრძლად, გულისწამღებად და მთელი განცდით. ვიღაცას უხმობდა თითქოს. ”მას ხომ არ ესმის, როგორ ყმუის. მგონი იგი გადაკარგულ, გადაშენებულ წინაპრებს მოუხმობს. ჰო, შორეულ წინაპრებს შესჩივა რაღაცას. ზოგჯერ მეც დიდი სიამოვნებით ვიყმუილებდი, ყმუილი რომ შემეძლოს. აი ასე უუუ… უუუ…” მოხუცმა რამდენჯერმე სცადა ძაღლივით ახმიანება.
მოხუცს გვიან გაეღვიძა. ზამთრის ნაგვიანები მზე კარგა ხანია ამოსულიყო. ჩაცმისთანავე კარებს მიაშურა. გარეთ გასულმა ის იყო წამოიძახა ”მგლისა, აუ მგლისა!”-ო, რომ სასიმინდესთან გაშოტილ ძაღლს მოჰკრა თვალი.
_ ღმერთო ჩემო, _ თქვა მან -ისევ გაყინულა… _ ძაღლთან სწრაფად მივიდა. ჩაიჩოქა და სრესვა დაუწყო მის ცივ სხეულს. _ აკი გეხვეწე, ნუღარ გახვალ _ მეთქი. აწი მაინც აღარ დაიჯერებ? ოო, სულ მთლად გათოშილხარ… _ აბუზღუნდა იგი. ძაღლი არ იძვროდა. მოხუცს ხელები აუკანკალდა… ძაღლის ფერდს მიაშტერდა, იგი არ ირხეოდა. _ მგლისა! _ ჩასძახა _ მგლისა! _ და მიწაზე ჩაჯდა. ატირდა ბებრული ტირილით. დანაოჭებულ სახეზე ცრემლები ჩამოეღვარა.
_ მიმატოვე, მეგობარო?.. არაა კარგი, არადა რამდენი გეხვეწე, არ დამიჯერე, ეეჰ… იქნებ კარგი ქენი, რომ არ დამიჯერე. სადარაჯოზე სიკვდილი მაინც სულ სხვაა… სიკვდილი კი მაინც მოსახდელია, ისევე მოსახდელი, როგორც დაბადება. ჭკვიანური ჰქენი, რომ არ დამიჯერე, ამიტომაც ყმუოდი ისე გუშინ. იცი, ახლა მეც მინდა ყმუილი და ნეტავ შემეძლოს… რა დიაცივით ვტირივარ. არა, ტირილი არაა სასირცხო, მაგრამ ბევრიც არ ვარგა… _ მოხუცმა ცრემლები მოიწმინდა და ცას მიაშტერდა.
ცა იყო საოცრად წმინდა და კამკამა. მზე გულწრფელად ცდილობდა დედამიწის გათბობას.
_ აი, მზე არასოდეს მოკვდება, _ თქვა მოხუცმა _ მაშინ არც დაბერდება? არც დაბერდება… აბა, არც ძაღლი მომკვდარა, არც დაბერებულა… ახლად იშვა… ჰო, სანამ ეს მზეა, ძაღლიც იქნება… მეც ვიქნები. _ მოხუცი დიდხანს იჯდა განუძრევლად, ძალზე დიდხანს. მარცხენა ხელი ძაღლის სხეულზე დაედო. მერე ცრემლებისგან დასველებული ბაგე-ტუჩის ბოლო გაილოკა ენის წვერით. ესიამოვნა მისი სიმლაშე _ გაგითბა, ძაღლო, სხეული? _ იკითხა ბოლოს _ გაგითბა!.. რა დასამალია და ბებრებს უყვართ სითბო. რას განიცდი ახლა? არაფერს. იქნებ განიცდი, მაგრამ თავისებურად… -მოხუცი წამოდგომას არ ცდილობდა. _ რას იზამდი, მე რომ დამესწრო სიკვდილი? _ ვთქვათ, აი, შენსავით, გაშოტილი გეხილე… ვიცი რასაც იზამდი. რასაც ყველა ერთგული ძაღლი აკეთებს. უდარაჯებდი ჩემს ცხედარს… მაგრამ მე ხომ არ ვარ ძაღლი. მე ხომ ადამიანი ვარ. ჩემი მოვალეობა სულ სხვაა. მე უნდა დაგმარხო, მიწას მიგაბარო, მაგრამ რომ არ მინდა ადგომა?! თითქოს არც მშია. იქნებ მეც ვკვდები. მოსახდელია სიკვდილი, მაგრამ მაინც არ მინდა… არ მინდა კარგია, ჰე… არც შენ გინდოდა, ალბათ. ბებრებს ყველაზე მეტად ეშინიათ სიკვდილის. სიკვდილს გარდაცვალება სჯობს. გარდაცვალება… _ ახლა ნერგებს უცქერდა. ბაღის კიდეზე ჩარიგებულ ვაშლის და მსხლის საძირე ნერგებს. სიკვდილზე ფიქრს უცებ მიანება თავი. _ გაზაფხულზე, მგლისა, ეს ნერგები დასამყნელია. აი იმ სამზე ლიმონს და თურაშაულს დავამყნი, იმ ორზე კი თეთრ გულაბს… კარგად უნდა კვირტებს შერჩევა. კარგად… _ მოხუცს არ შეუმჩნევია როგორ მიიმალა მზე, არც დაბნელება შეუმჩნევია. იჯდა იგი გაუნძრევლად და ხმას არ იღებდა. ახლა შვილთაშვილებს ხედავდა, ორ პატარა, ბუთხუზა ბიჭს. ეგონა ახლო-მახლო თამაშობდნენ, მიწას ჩიჩქნიდნენ. მოხუცს სიამოვნებდა. ”შეეჩვიონ მიწის სუნს, არა უშავს რა, ჩაეზილოთ ფრჩხილებში, არა უშავთ რა, ცოტათი კი ეტკინებათ… ასეთი ტკივილი სასიამოვნოცაა, არაუშავთ, ჩეზილოთ… ”უცებ ბურანიდან გამოერკვა, გაახსენდა შვილიშვილები ქალაქში რომ იყვნენ და კარგა ხანი იქნებოდა არ ენახა. ”მე რომ მოვკვდები, ალბათ, ამ სახლს გაყიდიან. ღმერთო ჩემო, ნუთუ მე უნდა დავასრულო ამ კარმიდამოზე დიდიძეების საქმიანობა. არა, ღმერთმა ნუ ქნას… იქნება ბიჭები მობრუნდნენ, პატარა უფრო მგონია, გია აუცილებლად მობრუნდება. რა დღეში იყო შარშან, უყვარს მიწის ჩიჩქნა. ჰო, აუცილებლად მობრუნდება…” ამ ნატვარას ისე ჩაეჭიდა, თევზი რომ გამოეგება ანკესს.
მალე ცაზე ვარსკლავები ამობრწყინდნენ. სავსე ბრდღვიალა მთვარემაც დაამშვენა მისი გუმბათი. მოხუცი მთვარე მისჩერებოდა და ეწადა თორმეტი წლის უკან გარდაცვლილი მეუღლე დაენახა, მაგრამ არაფერი გამოუდიოდა და წყინდა. ტაატით მიმავალი ღრუბლები მთვარის ზედაპირზე უცნაურად მიწიერ სურათებს ქმნიდნენ. მოხუცს ეგონა თვითონაც იქ იყო, იმ ციურ სამყაროში და სხეულს თითქოს ვერც კი გრძნობდა. ”როგორც არ უნდა აცივდეს, არ ავდგები” _ გაიფიქრა უნებურად, _ ”არ ავდგები და მორჩა. უკვე აღარც შემიძლია ადგომა. ასე მგონია მთელი ამ ხნის განმავლობაში მეძინა. ალბათ ძაღლსაც ასე დაემართა. სიცივესაც ვერ ვგრძნობ… რა ლამაზია ცა, ვარსკლავები… ღმერთო ჩემო, რომელმა ღმერთმა შექმნა ასეთი საოცრება… იგი დიდხანს მიშტერებოდა ცას.
_ ძაღლო, _ თქვა უცებ მან, _ იცი, ძაღლო, შენსავით ყმუილი მომინდა, შენსავით მთელი განცდით, აი ასე… უუუ… უუუ…. უუუ!..
ჯანრი გოგეშვილი
=======

=======
რევოლუციური მოტივაციები... (ბოლოდროინდელი ნოველები...)
=

















-->
-->
========
/
აქვე:
”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”
”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! / 'HOUSE', And on the road the sergeant major Shlax and Abbe Bikila

***

\=/

\/
====
/\


ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
.\

შინაარსი -Content:

მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
”პოეტური ფრაგმენტები…” ჯანრი გოგეშვილი / ’Poetic ...
პარალელიზმი... ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
///////
  • საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
/
========

========
========

”იჩქარე ნელა…” დასავლეთისკენ

აღმოსავლური გზების შემოვლით…
  • =======
  • © გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.